მარშრუტის სიგრძე: 15,29 კმ
მინ./მაქს. სიმაღლე: 1283/1854 მ.
სიმაღლის მომატება/დაკლება: 681/675 მ.
მარშრუტის ტიპი: ცალმხრივი
მარშრუტის სირთულის კატეგორია: მარტივი
მარშრუტის აღწერა
მარშრუტი სოფელ იჯარეთის ცენტრიდან იწყება. სოფელი თავს იწონებს XII საუკუნის სამონასტრო კომპლექსის ნაშთებით, განსაკუთრებით კი პატარა, მაგრამ უნიკალური სამრეკლოთი. ვარაუდით ის საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სამრეკლო უნდა იყოს.
მარშრუტი მიუყვება გრუნტის გზას, რომელიც საბოლოოდ თრიალას ტბებთან მიგვიყვანს. გზის საპირისპირო მხარეს იშლება შთამბეჭდავი ხედები მესხეთის თვალუწვდენელ ქედსა და კლდეზე ამოწვერილ ოქროს ციხეზე რომელიც იმდენად ჰარმონიულად ერწყმის კლდის ფაქტურას, რომ ერთი მთლიანობა გეგონებათ.
დაბურული ტყით გარშემორტყმული თრიალას სამი ტბა ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს. ტბები ძირითადად თოვლის ნადნობი წყლით საზრდოობს, შესაბამისად ტბები ყველაზე წყალუხვია გაზაფხულსა და ადრეულ ზაფხულში. გვიან ზაფხულსა და შემოდგომაზე კი შესაძლოა დამშრალიც დაგხვდეთ.
ტბების მონახულების შემდეგ მარშრუტი სამანქანო გრუნტის გზით სოფელ ზარზმისკენ მიემართება, სადაც უკვე მრავალი საუკუნეა დგას სახელგანთქმული ზარზმის მონასტერი, რომელიც წარმოადგენდა არა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის, არამედ მთელი საქართველოს რელიგიურ-კულტურულ-საგანმანათლებლო კერას. ზარზმა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია, რომელმაც მკაფიოდ შემოგვინახა ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ნიშნები. აღსანიშნავია კედლის მხატვრობა, სადაც ტრადიციულ რელიგიურ სიუჟეტებთან ერთად შემორჩენილია ისტორიულ პირთა პორტრეტები.