სამცხე-ჯავახეთში მდებარე ქალაქი ბორჯომი ერთ-ერთი პირველი კურორტია საქართველოში, დღემდე ტურისტული მიზიდულობის ცენტრია და უამრავ დამსვენებელსა და მოგზაურს მასპინძლობს. ქალაქი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი შეთავაზებების სპექტრით, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
კურორტი ბორჯომი მდინარე მტკვრის ხეობაშია განფენილი, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე. უმეტესად, წიწვოვან ტყეებში ჩაფლული ბორჯომი თბილისიდან ორი საათის სავალზეა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოფლები და დაბები _ ცემი, წაღვერი, ტბა, ბაკურიანი, მზეთამზე და სხვა, სასიამოვნო და გრილი ჰაერით ხასიათდებიან, განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ დღეებში.
ბორჯომის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ვულკანური წარმოშობის ბუნებრივი მინერალური წყალი, რომელიც ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. არქეოლოგებმა ტერიტორიაზე უძველესი დროით დათარიღებული, ქვაში ამოკვეთილი აბანოებიც აღმოაჩინეს. მე-19 საუკუნის შუა ხანებში აშენდა მდიდრული აბანოები, ულამაზესი პარკი და სასტუმროები, რომლებიც ბორჯომის სამკურნალო წყლებითა და კლიმატით დაინტერესებულ ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან იზიდავდა.
დღეს ბორჯომში ჩამოსხმული წყალი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ცნობილი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დააგემოვნოს ქალაქის ცენტრალურ პარკში მდებარე ეკატერინეს წყლით. ინფრასტრუქტურულად კარგადაა განვითარებული კურორტი. პარკი გასართობ სივრცეს ქმნის; აქვეა გოგირდის აბანოები, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველია ზამთრის თოვლიან ამინდებში. მხარის, მეტწილად კი ბორჯომის ისტორიის გაცნობისათვის არ დაგავიწყდეთ ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მონახულებაც.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ცნობილი სათხილამურო კურორტი ბაკურიანი, ბორჯომიდან, სულ რაღაც, 40 წუთის სავალზე. ბაკურიანი განთქმულია მთელს კავკასიაში და იდეალური ადგილია დასასვენებლად როგორც ზამთრის, ასევე, ზაფხულის სეზონისთვის. აქ არსებული სათხილამურო ტრასები ბაკურიანს საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტული დანიშნულების ადგილად აქცევს.
ბაკურიანი საოჯახო დასვენებისთვის იდეალურ ადგილს წარმოადგენს, რომელიც აქტივობათა მრავალფეროვნებას სთავაზობს ყველა ასაკობრივ ჯგუფს. სათხილამურო ზონას აქვს 13 საბაგირო, ხოლო ტრასების სიგრძე 33 კმ-ია. უმაღლესი წერტილი, ზღვის დონიდან, 2702 მეტრზეა.
ზამთარში შეგიძლიათ, ბაკურიანიდან თოვლმავლებით თვალწარმტაც სოფელ ტაბაწყურამდე გაემართოთ, ხოლო ზაფხულში ტბასთან ცხენებით ან მაღალი გამავლობის მანქანით შეძლებთ მისვლას.
ბაკურიანში მიმდინარე შეჯიბრების და ჩემპიონატების შესახებ გამოიწერეთ გვერდი Mountain Trails Agency
Automated page speed optimizations for fast site performance