22-23 ოქტომბერს, პურის ფესტივალთან დაკავშირებით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ჩართულობით ინფო-ტური გაიმართა სამცხე-ჯავახეთში.
ტურში მონაწილეობას იღებდა 13 ტურისტული კომპანია. ინფო-ტური მოიცავდა 22 ოქტომბერს პურის ფესტივალზე დასწრებას და რეგიონის ტურისტული ლოკაციების მონახულებას. ტურკომპანიების წარმომადგენლებმა მოინახულეს საფარის მონასტერი, აწყურის ციხე, გაიარეს სარო-ნიჯგორის სალაშქრო ბილიკი, გაიცნეს ადგილობრივი მეღვინეები და ეწვივნენ ადგილობრივ მეწარმეს, ალუდა ჯვარიძეს, სადაც დააგემოვნეს ტრადიციული მესხური კერძები.
უკვე მეორე წელია, რაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსგავსს ტურებს აწყობს პურის ფესტივალთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ პურის ფესტივალი ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც 2010 წელს დამკვიდრდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მიერ. 2021 წლიდან ფესტივალის ორგანიზებას შეუერთდა სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO). წელს ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამაც.
error: Content is protected