მარშრუტის სიგრძე: 2,78 კმ
მინ./მაქს. სიმაღლე: 722/934 მ.
სიმაღლის მომატება/დაკლება: 163/172 მ.
მარშრუტის ტიპი: ცალმხრივი
მარშრუტის სირთულის კატეგორია: მარტივი
მარშრუტის აღწერა
მარშრუტი იძლევა საშუალებას ბუნებაში გასეირნების და თამარის ციხის მონახულების. ციხეს ადგილმდებარეობა მართლაც შესანიშნავი აქვს, ციხიდან იშლება ხედი მთელს ახალდაბაზე და მასზე გამავალ სტრატეგიულ, ისტორიულ გზებზე. ესაა მიზეზი სწორედ ციხის მდიდარი ისტორიისა.
ახალდაბის ციხე განლაგებულია შერეული ტყით დაფარულ მთის თავზე. ციხეს ისტორიკოსები აღწერენ, როგორც „დიდნაშენი და მაგარი“, დიდი საცხოვრებელი ფართობითა და სამეურნეო ნაგებობებით, ხაროებითა და წყლის აუზით. როგორც გათხრების დროს, მრავალჯერ წააწყდნენ, წყალი ციხეს ნეძვურას ხეობიდან მიეწოდებოდა თიხის მილებით. ახალდაბის ციხის აგების დრო უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ციხე აიგო IX-X საუკუნეებში. ახალდაბას ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრადაც მოიხსენიებენ, სადაც გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები. ციხე მრავალ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
მარშრუტი ადვილად გასავლელია და არ მოითხოვს დიდ ფიზიკურ დატვირთვას. ის ახალდაბის ცენტრიდან იწყება და ერთი მოსახვევის შემდეგ მივადგებით სასაფლაოსა და ეკლესიის შესასვლელს, შევალთ შიგნით მალევე მარცხნივ ავუხვევთ და ავუყვებით ქედს თამარის ციხისკენ. აღმართის ავლის შემდეგ მივადგებით თამარის ციხეს საიდანაც შესაძლებელია ახალდაბის მეორე მხარეს დაშვება საიდანაც ან ისევ ცენტრში დავბრუნდებით ან საცალფეხო ხიდით მთავარ სამანქანე გზაზე გავალთ.