მარშრუტის სიგრძე: 4,95 კმ
მინ./მაქს. სიმაღლე: 1217/1423 მ.
სიმაღლის მომატება/დაკლება: 221/112 მ.
მარშრუტის ტიპი: ცალმხრივი
მარშრუტის სირთულის კატეგორია: მარტივი
მარშრუტის აღწერა
მარშრუტი იწყება ვარძიის სამონასტრო ანსამბლის მისადგომებთან. გეზს იღებს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, ასფალტიანი გზიდან გრუნტის გზაზე გადადის და მიემართება თმოგვის ციხისკენ. გაივლის კლდეების ქვეშ, გადაკვეთს სოფელს, დაადგება საფეხმავლო ბილიკს და გავა მინდორში. უკან ჩამოიტოვებს ნასოფლარს და ფერმის შენობას. 200 მეტრში მტკვრის ნაპირებისკენ დაეშვება, შემდეგ მკვეთრად მოუხვევს მარცხნივ აღმართისკენ და გვერდიდან ჩაუვლის თმოგვის ციხეს. ბოლომდე აუყვება აღმართს და დაადგება სამაქანო გრუნტის გზას, საიდანაც შესაძლებელია უშუალოდ ციხეზე ასვლა. გასათვალისწინებელია, რომ თმოგვის ციხეზე ასვლისას საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე, რადგან გზა ციხემდე რთულად გასავლელია! თუმცა მიზნის მიღწევის შემთხვევაში მოგზაურების თვალწინ გადაიშლება კლდეზე გაშენებული ისტორიული ციხე-ქალაქის დიდებული ნაშთები. დამრეც ფერდობზე ამოშენებული კედელ-ბურჯები, ზღუდეები, თუ ციტადელთან და მტკვართან გამავალი საიდუმლო გვირაბები თვალნათლივ აცოცხლებენ ერთ დროს დიდებული ციხე-ქალაქის ცხოვრებას. თმოგვის სახელი ისტორიის ფურცლებზე X საუკუნეში ამოტივტივდა, როგორც ციხე-სიმაგრისა, რომელიც კონტროლს უწევდა წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემომავალ სტრატეგიულ გზას. მას შემდეგ ვიდრე საბოლოო დეკადენსამდე XVIII საუკუნეში, თმოგვი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და სტარტეგიულ ცენტრს წარმოადგენდა.