მარშრუტი ხერთვისის ციხესთან იწყება, თავფარავნისა და მტკვრის შესართავთან, კლდოვან მთაზე გაშენებულ ციხესიმაგრესთან. მოასფალტებულ გზას ხერთვისის ციხის კარიბჭემდე მიუყვება და ხერთვისის ბაღებამდე არ მისული, კვარშისკენ მიმავალ აღმართს დაადგება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ზიგზაგისებურად მიმავალი ბილიკი, ადგილ-ადგილ ფართოვდება. ბილიკზე იშლება ულამაზესი ხედები ერუშეთის მთიანეთზე ხერთვისის ციხეზე, მტკვრისა და ფარავნის ხეობებზე. მალევე მარშრუტი მოსწორებულ მდელოზე ხვდება და ვიდრე კვლავ აღმართს აუყვებოდეს, ხელმარჯვნივ, დაახლოებით 150 მეტრში, გადასახედისკენ ეპატიჟება მოლაშქრეებს. ამ წერტილიდან ბოლოჯერ შეიძლება ხერთვისის ციხის ზედხედებით ტკბობა. კვარშისკენ გზა კვლავ უკან ბრუნდება და აღმართში გრძელდება აღმოსავლეთის მიმართულებით, ვიდრე ხელმარცხნივ არ გადაუხვევს და ქვიან და კლდიან ბილიკს არ გაუყვება ჩრდილო-აღმოსავლეთით. უკვე 200 მეტრში ბილიკი ჯავახეთის ზეგანზე ხვდება და თავს ადგება აბულ-სამსარის ქედის ფონზე გადაშლილ კვარშის ნასოფლარს, განვითარებული შუასაუკუნეების პერიოდის ეკლესიის ნანგრევებით. აქ თითქმის ყველაფერი ნანგრევებადაა ქცეული.
ნასოფლარი ზაფხულის პერიოდში, როგორც წესი ივნისის შუა რიცხვებიდან ივლისის ბოლომდე მაღალი ბალახით იფარება, ვიდრე მიმდებარე სოფლის მოსახლეობა არ გათიბავს. მარშრუტის დიდი ნაწილის სწორედ ესეთ დიდ ბალახებში გადის და რეკომენდირებულია ადრე გაზაფხულზე და შემოდგომაზე გავლა.
მარშრუტი მიდის ეკლესიამდე. ეკლესია უზარმაზარი ქვებითაა ნაშენი და მეგალითური წყობის გალავნის ნაშთები აკრავს. საბჭოთა პერიოდში ეკლესიას მარცვლეულის შესანახად იყენებდნენ. სწორედ ამ დროს, დასავლეთის მხარეს დატანებული კარი ამოუშენებიათ და აღმოსავლეთით, საკურთხეველში გაუჭრიათ. ეკლესიის ფასადზე იკითხება ასომთავრული წარწერები, ეკლესიის შიგნით კი ძლიერ დაზიანებული ფრესკის ფრაგმენტებია შემორჩენილი. კვარშიდან მარშრუტი მარჯვნივ უხვევს და გრუნტის გზას მიუყვება სამხრეთის მიმართულებით. დაახლოებით 200 მეტრში უკვე მარცხნივ გადაუხვევს და სათიბებსა და ყანებს შორის გაკვალულ გზას მიჰყვება, ერთ მხარეს – მთელს სიგრძეზე გადაჭიმული აბულ-სამსარის ქედის ხედებით და მეორე მხარეს – ხედებით მტკვრის ხეობაზე. მალევე, ორიენტირად, ჰორიზონტზე გამოჩნდება ქარაფზე შეფენილი სოფელი კუმურდო. გზად მარშრუტი კიდევ ერთ, ქილდის ნასოფლარში ჩერდება. ნასოფლარს შუასაუკუნეების ეკლესია ამშვენებს და გადაჰყურებს ქილდის ნასახლარებს. აქვეა ძველი სასაფლაო, მეგალითური ციხის ნაშთები, მენჰირები, დარანთა სისტემა. მარშრუტი ძველ სასაფლაოს გადაივლის და კუმურდოსკენ იღებს გეზს. დაახლოებით 6 კილომეტრის მანძილზე მიუყვება ჯავახეთის ზეგანს, სამხრეთიდან უახლოვდება სოფელ კუმურდოს, გაუყვება სოფლის ქუჩებს გაივლის კუმურდოს საკათედრო ტაძარს და დასრულდება სოფლის ცენტრში, საიდანაც სურვილისამებრ, შესაძლებელია კუმურდო- გოგაშენი – მირაშხანის ან კუმურდო- გოგაშენი – ვარძიის მარშრუტზე გზის გაგრძელებაც.
Automated page speed optimizations for fast site performance