სამცხე-ჯავახეთში მდებარე ქალაქი ბორჯომი ერთ-ერთი პირველი კურორტია საქართველოში, დღემდე ტურისტული მიზიდულობის ცენტრია და უამრავ დამსვენებელსა და მოგზაურს მასპინძლობს. ქალაქი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი შეთავაზებების სპექტრით, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
კურორტი ბორჯომი მდინარე მტკვრის ხეობაშია განფენილი, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე. უმეტესად, წიწვოვან ტყეებში ჩაფლული ბორჯომი თბილისიდან ორი საათის სავალზეა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოფლები და დაბები _ ცემი, წაღვერი, ტბა, ბაკურიანი, მზეთამზე და სხვა, სასიამოვნო და გრილი ჰაერით ხასიათდებიან, განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ დღეებში.
ბორჯომის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ვულკანური წარმოშობის ბუნებრივი მინერალური წყალი, რომელიც ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. არქეოლოგებმა ტერიტორიაზე უძველესი დროით დათარიღებული, ქვაში ამოკვეთილი აბანოებიც აღმოაჩინეს. მე-19 საუკუნის შუა ხანებში აშენდა მდიდრული აბანოები, ულამაზესი პარკი და სასტუმროები, რომლებიც ბორჯომის სამკურნალო წყლებითა და კლიმატით დაინტერესებულ ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან იზიდავდა.
დღეს ბორჯომში ჩამოსხმული წყალი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ცნობილი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დააგემოვნოს ქალაქის ცენტრალურ პარკში მდებარე ეკატერინეს წყლით. ინფრასტრუქტურულად კარგადაა განვითარებული კურორტი. პარკი გასართობ სივრცეს ქმნის; აქვეა გოგირდის აბანოები, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველია ზამთრის თოვლიან ამინდებში. მხარის, მეტწილად კი ბორჯომის ისტორიის გაცნობისათვის არ დაგავიწყდეთ ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მონახულებაც.