ზაზას მეფუტკრეობა ბავშვობიდან აინტერესებდა. თავდაპირველად, სოფელ მუსხში ფუტკრებს უვლიდა. შემდეგ გადაწყვიტა. თაფლის სახლი დაეარსებინა და აპითერაპია შეესწავლა. მან ბიზნესი ფუტკრის ერთი ოჯახით დაიწყო. დღეს კი მრავალფუნქციური მეურნეობის მფლობელია.
ზაზა სოფელში მცხოვრებ ბავშვებს მეფუტკრეობას ასწავლიდა. იგი აქტიურად იყო ჩართული პროფესიულ განათლებაში და ახალციხის კოლეჯ „ოპიზარშიც“ ასწავლიდა. ზაზა საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის წევრია. 2015 წელს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრი გახდა და ხორბლის ადგილობრივი ჯიშების მოყვანაც დაიწყო. 2020 წელს ზაზა ტურისტულ ბიზნესში ჩაერთო და თავისი სახლი სათანადოდ აღჭურვა, რათა სტუმრებისთვის შეეთავაზებინა მესხური სამზარეულოს მასტერკლასები, მათ შორის წითელი დოლის პურის გამოცხობა ფურნეში, ტრადიციულ მესხურ ღუმელში, რომელიც ამ რეგიონში ხშირად გამოიყენება. ზაზა და მისი მეუღლე თიკო სტუმრებს მასპინძლობენ და საჭიროების შემთხვევაში მათ სოფლის მცხოვრებლებიც ეხმარებიან.
მათი აგროტურისტული მეურნეობა ახალციხე-საფარას ტურისტულ მარშრუტზე, სოფელ ღრელში მდებარეობს. აქ სტუმრებს შეუძლიათ თაფლისა (აკაციის, ალპური) და სხვა პროდუქტების შეძენა, როგორებიცაა: ხილი, პური, ყველი, არაყი, გოზინაყი, თუთის ბაქმაზი.
ზაზას ოჯახმა სტუმრებისთვის შეიმუშავა პაკეტი, რომელიც მოიცავს სტუმრობას საფუტკრესა და ხეხილის ბაღში, სადაც სხვადასხვა სახის ხილი მოჰყავთ. მათ ასევე შეუძლიათ ისეთ სასოფლო-სამეურნეო აქტივობებში მონაწილეობა, როგორებიცაა: მოსავლის აღება, პურის გამოცხობა, თაფლის დამზადება და სხვ. მათ სამზარეულოში გამოყენებული პროდუქტები სახლშია მოყვანილი. ზაზას საქმიანობა ადგილობრივი რესურსების ტრადიციულ ცოდნასთან შერწყმის ნათელი მაგალითა.
„ჩემთვის სტუმართმოყვარეობა სიყვარულისა და მზრუნველობის გამოხატულებაა, მე არ მღლის საყვარელი საქმის კეთება“, – ამბობს მარინა ნარიაშვილი. მარინა ქალაქში გაიზარდა, მაგრამ ოჯახში დედა და ბებია პურს ყოველთვის ფურნეში აცხობდნენ. ოჯახური ტრადიციის მიხედვით, ფურნეში დამზადებულ პირველ ლავაშს ბაბუას სთავაზობენ – წინაპრების ხსოვნის პატივსაცემად. ამ ტრადიციას ოჯახი არ ღალატობს და სამზარეულოში კიდევ ერთი ღუმელი დაამონტაჟეს, რომელსაც ლობიანისა და ხაჭაპურის გამოსაცხობადაც იყენებენ.
მარინამ საკუთარი ფინანსებით აგროტურისტული ბიზნესი ოჯახის წევრებთან ერთად დაიწყო. მათ თავიანთი სახლი გაარემონტეს, დაამატეს ოთახები და მოწყობილობები, რომლებიც მცირე ჯგუფებისა და ოჯახური დასვენებისთვის არის შესაფერისი. სახლი მორთულია ხელნაკეთი ნივთებით, მათ შორის არის თავად მარინას მიერ მძივებით მოქარგული ნაკეთობები. დღეს სასტუმრო „ედემი“ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან იღებს, ძირითადად დაჯავშნის პლატფორმებისა და ადგილობრივი გიდების მეშვეობით. რეგიონის სხვა მცხოვრებლებისთვის ეს შესანიშნავი მაგალითია. მარინა თავის კულინარიულ ნიჭს იყენებს და სტუმრებს ოჯახურ გარემოში ტრადიციულ კერძებს სთავაზობს, რაც გასტროტურის ორგანიზატორების დაინტერესებას ზრდის. მარინამ ახლახან საერთაშორისო ორგანიზაციისგან (USAID Zrda), მიიღო მხარდაჭერა საზაფხულო სამზარეულოების გასამართად, მესხური სამზარეულოს სადეგუსტაციო ოთახებისა და სასადილოების მოსაწყობად და გასტროტურების პოპულარიზაციისთვის. აქ სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ სამი სახეობის პური: სომინი, თითიანი და ხმიადი, ასევე, მესხური კალმახი ყურძნის ფოთლებში, ბატი და იხვი, ლუხუმი თუთის ბაქმაზით – იგივეა, რაც ჩირიხტა ბაქმაზით. სასტუმროში სახლში მომზადებული ჯემების (მურაბების) და სხვა ტკბილეულის დაგემოვნებაც შეგიძლიათ. მარინა თანაავტორია კულინარიული წიგნისა „მესხური ტაბლა“.
როდესაც მარინა და სერგო თავიანთ ბიზნესს იწყებდნენ, მათი შვილები პატარები იყვნენ. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ბიზნესი მოგზაურობის მოყვარულ ოჯახებზე ყოფილიყო ორიენტირებული. ბავშვიან ოჯახებს სოფლად დასვენება, შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა ძალიან მოსწონთ. ისინი ბავშვებს აჩვენებენ, როგორ წველიან ძროხებს, როგორ ამოჰყავთ ყველი, როგორ კვებავენ ქათმებს, როგორ კრეფენ ხილს და იღებენ ბოსტნეულს.
მარინას და სერგოს მეურნეობა „თირები“ რეგიონში ერთ-ერთი პირველი აგროტურისტული პროექტი იყო. ოჯახი ტურისტებს მასპინძლობს და მათ ახალ, ნატურალურ პროდუქტებს სთავაზობს, რომლებიც მასპინძელი ოჯახის მიერ საკუთარ ფერმაშია დამზადებული. ფერმა მდებარეობს ნაქალაქევში, ქალაქ ასპინძიდან 25 კმ-ში, თმოგვის ციხის ძირში, სოფლიდან მოშორებით, მშვიდ და წყნარ ადგილას.
2008 წლიდან სერგო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრია. იგი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ სტარტაპ პროგრამებში მონაწილეობდა. მან ვერანდიანი ერთსართულიანი შენობა გაარემონტა, სადაც მოწყობილია ოთხი ორადგილიანი ოთახი, სასტუმრო ოთახი ბუხრით და სამზარეულო. ფერმაში არის ტრადიციული მესხური ფურნე, გარე სასადილო და მეთორმეტე საუკუნის საწნახელი. სტუმრებს შეუძლიათ ბანაობა ან თევზაობა მდინარე მტკვარში, რომელიც იქვე ახლოს მიედინება, ასევე, ცხენებით გასეირნება ან საფეხმავლო ბილიკების შესწავლა. 2015 წელს სერგომ და მარინამ თავიანთი ბიზნესი გააფართოეს და ვარძიის გზაზე, წუნდის ტბასთან ახლოს მესხური სტილის პატარა სასტუმრო ააშენეს, სადაც მესხური კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი.
ვალოდიას ოჯახს ყველა იცნობს რაიონში. ვალოდია დიდი ხნის განმავლობაში ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი იყო და ახლომდებარე მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლებს მართავდა. ამჟამად მის საქმეს მისი შვილი კახა აგრძელებს. 2009 წელს ვალოდიამ აგროტურისტული ფერმა ააშენა კორისხევის ტერიტორიაზე, ვარძიის სამონასტრო კომპლექსიდან 2 კილომეტრში. ფერმაში არის ულამაზესი ეზო, ხეხილის ბაღი, გარე სასადილო ზონა და ტერასული ტიპის ბაღები მესხური ყურძნით, მარანი (ტრადიციული ღვინის მარანი) და თონე. ოჯახი ფლობს მსხვილფეხა საქონლის ფერმას, საკალმახე მეურნეობასა და სკებს. ისინი თავიანთ სტუმრებს ახალ ადგილობრივ პროდუქტებს სთავაზობენ.
ხის კოტეჯებში განლაგებულია 10 ორადგილიანი საძინებელი საკუთარი სააბაზანო ოთახით, ხოლო ქვით ნაშენ შენობებში – 32 ორადგილიანი საძინებელი, მათ შორის ერთი ოთახი განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუმრებისთვის.
მეპატრონეებმა ინვესტიცია ჩადეს საკუთარ ბიზნესში. თავდაპირველად, ამ ტურისტული პროდუქტის გასაყიდად ისინი მეურნეობიდან მიღებულ შემოსავალს და საკუთარ რესურსებს იყენებდნენ, ხოლო მოგებას ისევ სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში აბრუნებდნენ.
ოჯახი 2008 წლიდან არის ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრი. ვალოდიას რძალმა ინგამ თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ტურისტებს განსხვავებულ და ახალ პრაქტიკულ გამოცდილებას შესთავაზებს და სტუმრები სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას. მან ასევე აღნიშნა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მასპინძელსა და სტუმრებს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება. „პამიდვრის კრეფაც კი ტურისტებისთვის დიდი სიამოვნებაა. თუ მოსწონთ, ყოველთვის ყიდულობენ“, – ამბობს ინგა. ოჯახი ცდილობს, ყოველწლიურად სეზონი ახალი იდეებით დაიწყოს, რაც მათ მუდმივ კლიენტებს გაახარებს.
გალინა ინასარიძის ოჯახი იყო პირველი, რომელმაც პატარა თიხის ქოთნებში ტენილი ყველის დამზადების უძველესი ტექნიკა გააცოცხლა. ძველად ტენილი ყველი მხოლოდ დღესასწაულების დროს მზადდებოდა, მაგალითად, აღდგომასა და ახალ წელს, ასევე ოჯახური მოხმარებისთვის. რეცეპტი საკმაოდ რთულია და ჩვეულებრივი ყველისაგან ტექნიკითა და შემადგენლობით განსხვავდება. როცა ვინმესთან სტუმარი მოდის, გალინას ურეკავენ და ტენილი ყველის დამზადებას სთხოვენ.
ტენილი ყველის წარმოება ინასარიძეების ოჯახის ბიზნესია. „ტენილი ყველის გაყიდვა დავიწყე ბაზრობებზე. ახლა ეს ყველი ძალიან პოპულარულია და თბილისში იყიდება ექვს თუ შვიდ მაღაზიაში, ყველის სახლებსა და რესტორნებში“, – ამბობს გალინა.
ამჟამად ოჯახმა საკუთარი ბიზნესი გააფართოვა და სტუმრებს ყველის დამზადების მასტერკლასებსა და კერძების დეგუსტაციას სთავაზობს.
აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა 1996 წლიდან. „ელკანას“ მიზანია აღადგინოს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ძველი ქართული ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, მათი შეკრების, გამრავლების, სელექციის, პოპულარიზაციის, ადგილობრივი მეურნეების მონაწილეობით გავრცელებისა და მოკლე თანამშრომლობითი ღირებულებათა ჯაჭვების შექმნისა და ხელშეწყობის გზით. სწორედ ამ მიზნით დააარსა „ელკანამ“ 2004 წელს საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანი“, რომლის საერთო ფართობია 4.8ჰა და რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ წნისში, ქალაქ ახალციხიდან 6 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. სამცხე-ჯავახეთი შემთხვევით არ შერჩეულა – იგი ერთ-ერთი უნიკალური რეგიონია კულტურულ მცენარეთა ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით.
„მარცვლეულის კიდობანში“ ითესება და მრავლდება მარცვლოვანი და სამარცვლე პარკოსანი კულტურების ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, გაშენებულია ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშების ბაღი და სანერგე. ყველა კულტურის მოყვანა მხოლოდ ბიომეთოდებისა და ბიოსაშუალებები გამოყენებით ხდება.
აქ მოსულ სტუმრებს, ფერმერებს, სტუდენტებს, ტურისტებს, დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ საკუთარი თვალით იხილონ ხორბლის ხუთი ენდემური სახეობის – ჩელტა ზანდურის (Triticum timopheevii Zhuk.), კოლხური ასლის (Triticum palaeocolchicum Menabde), მახას (Triticum macha Dekapr & Menabde), ჰექსაპლოიდური ზანდურის (Triticum zhukovskyi Menabde & Ericzjan) და დიკას (Triticum carthlicum Nevski.), აბორიგენული ჯიშის ახალციხის (მესხური) წითელი დოლის (Triticum aestivum L. var. ferrugineum) და სხვათა როგორც მოზრდილი, ასევე საკოლექციო ნათესები. ეს ხორბლები ოდითგანვე ითესებოდა საქართველოში და მათი ფქვილისაგან გემრიელ, სურნელოვან და ყუათიან პურს აცხობდნენ.
საქართველოში საუკუნეების მანძილზე გავრცელებული პარკოსანი კულტურები, რომლებიც ლობიომ ჩაანაცვლა, სწორედ „მარცვლეულის კიდობანში“ იქნა აღდგენილი და გამრავლებული. აქ ითესება და მრავლდება მუხუდო (Cicer arietinum L.), ცერცვი (Vicia faba L.), ცულისპირა (Lathyrus sativus L.), ოსპი (Lens culinaris Medic), ძაძა (Vigna unguiculata L. Walp.), რომელთა კერძების მომზადებას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. აქ ნახავთ საზეთე კულტურას – სელს (Linum usitatissimum L.), რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საუკუნეების მანძილზე დიდი რაოდენობით ითესებოდა და გამოიყენებოდა, დღეს კი გადაშენების პირას არის მისული, ასევე ღომს (Setaria italica (L) Beaur), რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის ძირითად პურეულს წარმოადგენდა სიმინდის შემოსვლამდე, დღეისათვის კი სიმინდმა თითქმის სრულად განდევნა.
„მარცვლეულის კიდობანის“ ნაკვეთზე გაშენებულია ასევე ხეხილის ბაღი, რომელშიც წარმოდგენილია ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშები, კერძოდ ვაშლის ჯიშები თურაშაული, აბილაური, რძევაშლი, ერბოვაშლი, მსუქანა, რაკრაკა, შაქარნაბადა, მზის სხივი, ხვინწა, თათენა და სხვა, მსხლის ჯიშები სოსელო, ინჟირა, ნენე მსხალი, წითელგვერდა, ზამთრის გულაბი და სხვა. ეს ჯიშები, ერთეული ხეების სახით, ჯერ კიდევ შემორჩენილია სამცხე-ჯავახეთის ძირძველ სოფლებში, ადგილობრივი ოჯახების მეურნეობებში.
„მარცვლეულის კიდობანი“ ვიზიტორებს საკმაოდ შთამბეჭდავ დახვედრას ჰპირდება. აქ მოსულ ტურისტებს, სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ ნახონ მარცვლოვანი და სამარცვლე პარკოსანი კულტურების ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების როგორც მოზრდილი, ასევე საკოლექციო ნათესები, ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშების ბაღი და სანერგე, მოისმინონ ქართველი ხალხის მიერ საუკუნეთა განმავლობაში ამ კულტურათა მოყვანისა და გამოყენების შესახებ საინტერესო ამბები. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისწავლონ თონეში პურის ჩაკვრა, დააგემოვნონ ახალციხის (მესხური) წითელი დოლის ფქვილით გამომცხვარი სურნელოვანი პური და პარკოსანი კულტურების მარცვლეულით მომზადებული კერძები.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ასოციაცია „ელკანას“ რეგიონულ ოფისს სამცხე-ჯავახეთში
მისამართი: ქალაქი ახალციხე, 0800, შალვა ახალციხელის ქ. #9
ელ.ფოსტა: akhaltsikhe@elkana.org.ge
ტელეფონი: +995 365 22 02 46
ვიზიტის დასაჯავშნად დაუკავშირდით:
ელ.ფოსტა: ruraltourism@elkana.org.ge
ტელეფონი: +995 598 38 80 75
ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ფერმერმა ალუდა ჯვარიძემ მესხური ოდა სახლების აღდგენა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მას ძალიან მოსწონს სოფელ ჭობარეთში ცხოვრება და ამჟამად მართავს აგროტურისტულ მეურნეობა „მესხურ ოდას“.
„მიმაჩნია, რომ ტრადიციები უნდა დავიცვათ და მომავალ თაობებს გადავცეთ. ვცდილობ, მათ სიცოცხლე შევუნარჩუნო… რამდენიმე წლის წინ ქალაქში გადმოვედი, მაგრამ მერე მაინც სოფელში დავბრუნდი. ქალაქში დრო სწრაფად გადის, აქ კი პირიქითაა. შესაბამისად, საქმის საკეთებლად მეტი დრო მრჩება“, – ამბობს ალუდა. მას ჰყავს საქონელი და მესხურ ტენილ ყველს აწარმოებს, რისთვისაც თითქმის მივიწყებულ ტექნოლოგიას იყენებს. ალუდამ ამ ტრადიციის აღდგენა გადაწყვიტა და სოფელში მცირე ბიზნესი დააარსა.
დღეს „მესხური ოდა“ არის აგროტურისტული მეურნეობა და იგი სტუმრებს მასპინძლობს, რომლებიც იმისათვის ჩამოდიან, რომ მესხურ კულტურასა და სტუმართმოყვარეობას გაეცნონ, ადგილობრივად მოყვანილი ხილი და ბოსტნეული დააგემოვნონ. სტუმრებს შეუძლიათ ნახონ, როგორ მზადდება ტენილი ყველი და პური. მასპინძლები ფურნეში ამზადებენ: ქადას, აპოხტს და მესხურ ხაჭაპურს, რომელიც ორ-ნახევარ საუკუნეს ითვლის.
„მონასტრის ნობათი“ არის სამი მონასტრის ერთობლივი ნაწარმი, რომელიც სოფელ უდეში მდებარეობს. მონასტრები აწარმოებენ სხვადასხვა სახის პროდუქტს: ღვინოს, ხორცპროდუქტებს, თაფლს, პურს, ლოკოკინებსა და ხელნაკეთ ნივთებს.
სამი მონასტრიდან ერთ-ერთში, უდეს დედათა მონასტერში, სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ: ტრადიციული მესხური სამზარეულო, ღვინო, ლოკოკინებისგან მომზადებული კერძები და მრავალი სხვა, რასაც მონასტრის ბერები და მონაზვნები ამზადებენ.
უდეს მონასტერმა ღვინის წარმოება 2010 წელს დაიწყო. თანდათან მათ სხვა სახის პროდუქტების დამზადებაც დაიწყეს და დღეს ღორის, ძროხის, ქათმისა და იხვის აპოხტს ამზადებენ. მონაზვნებს ლოკოკინების საკუთარი ფერმა აქვთ და ლოკოკინებისგან მათ მიერ მომზადებული ორიგინალური კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. აქ ასევე იყიდება ლამაზ ქილებში ჩაწყობილი ლოკოკინების მარინადი.
2020 წელს, დაუღალავი შრომითა და მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ გრიგოლის ინიციატივით, ადიგენის მუნიციპალიტეტში პირველი მესხური ვენახი გაშენდა. აქ არის ვაზის ცხრა ჯიში, როგორებიცაა: თამარის ვაზი, შავი ასპინძური, მესხური მწვანე, ხარისთვალა, კლერტმაგარი. მონაზვნები და ბერები ღვინოს საიდუმლო მეთოდებითა და ტექნოლოგიით ამზადებენ, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
პროდუქციის გაყიდვასთან ერთად, 2017-2019 წლებში უდეს დედათა მონასტერმა სტუმრებისთვის სადეგუსტაციო ცენტრი გახსნა. ღვინის დეგუსტაციასთან ერთად ღვინისა და მონასტრის სხვა პროდუქტების შეძენაც შეგიძლიათ. სახლში დაბრუნებულებს პროდუქტების გასინჯვა ყოველ ჯერზე იმ შთაბეჭდილებებს გაგიცოცხლებთ, რომლებიც ამ მხარეში სტუმრობისას მიიღეთ.
სოფელ აწყურში მუმლაძეების ოჯახისთვის ღვინის დამზადება მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა და ბიზნესს ახლა მამა-შვილი, გია და დავით მუმლაძეები უძღვებიან. მუმლაძეების წინა თაობები თიხის კარგი ოსტატები იყვნენ და მათი ქვევრები მთელ რეგიონში იყო ცნობილი.
დავით მუმლაძე ჰყვება, რომ ოჯახში დღემდე ინახება უძველესი ხელსაწყოები, რომელსაც ბაბუა ღვინის დამზადებისას იყენებდა. ისინი სტუმრებს უყვებიან, როგორ გადაეცემოდა მათ ოჯახში თაობიდან თაობას მეღვინეობის სიყვარული. ხუთი წლის წინ ოჯახმა გადაწყვიტა, ჰობი ბიზნესად ექცია და სახლის სარდაფი ღვინის მარნად გადააკეთა; ისინი ყოველწლიურად არემონტებდნენ სახლს. 2022 პირველი სართული დაასრულეს და მისი თავდაპირველი, ავთენტური სტილი აღადგინეს. მათ ცხრა ქვევრი ჩაყარეს და სადეგუსტაციო დარბაზი ააშენეს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ღვინის დაგემოვნება. ამჟამად მარანში ღვინის შემდეგი სახეობები აქვთ: საფერავი, რქაწითელი, კახური მწვანე და მუსკატი.
მუმლაძის ღვინო ძალიან პოპულარულია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც. მათ მიაჩნიათ, რომ ოჯახური ტრადიციების შენარჩუნება მათი მოვალეობაა და სამომავლოდ ბიზნესის გაფართოებას და ღვინოსთან დაკავშირებული მესხური ტრადიციების შენარჩუნებას გეგმავენ.
„გასული ათწლეულის დიდი ნაწილი მთებსა და ტყეებში გავატარე, სადაც დავდიოდი და ვაზის ძველ ჯიშებს ვეძებდი, რომელიც ტყეებში, ხეებთან ახლოს ბუნებრივად იზრდება. რამდენიმე ვაზს მივაკვლიე, რომლებიც 100 წელზე მეტი წლისაა, ერთი კი, ჩემი აზრით, 400 წელზე მეტს ითვლის“, – ამბობს გიორგი ნათენაძე.
გიორგიმ ქვეყნის სამხრეთით, თურქეთის საზღვართან ახლოს ყურძნის 40 უიშვიათესი ჯიში აღმოაჩინა. ამჟამად 24 მათგანი იდენტიფიცირებულია. საუკუნეების წინ ადგილობრივი ვაზის ღირებული ჯიშები დაიკარგა და 2009 წელს გიორგიმ მესხეთის რეგიონში მეღვინეობის ტრადიციები აღადგინა. მალევე მან პირველი მესხური ღვინო ჩამოასხა, რომელიც ქართული მეღვინეობის ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული.
დღეს ნათენაძის ღვინის მარანი 14 სახეობის წითელ და თეთრ ღვინოს აწარმოებს და უნიკალური ქართული ღვინის დაგემოვნება მსოფლიოს 11 ქვეყნის მცხოვრებლებს შეუძლიათ. გიორგის ღვინოები გემრიელია, მათში ალკოჰოლის შემცველობა დაბალია, ხოლო მჟავიანობა – კარგად დაბალანსებული. გიორგი ამ უძველესი ჯიშებისგან ყოველწლიურად სხვადასხვა სახეობის ღვინოს აწარმოებს. იგი ორგანულ მეთოდებს იყენებს, ყურძენს ხელით ამუშავებს და საირიგაციო სისტემას არ იყენებს. გიორგი ცდილობს ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული მივიწყებული ცოდნა და ტრადიციები აღადგინოს და ყოველივე ეს ახალგაზრდებამდე მიიტანოს, თანაც გათანამედროვებული და გაუმჯობესებული სახით. მისი ღვინის ეტიკეტები ახალი და არატრადიციული სახითაა წარმოდგენილი.
გარდა მეღვინეობისა, გიორგიმ ისტორიულ რაბათის უბანში გასტრონომიული ობიექტიც გახსნა, სადაც ავთენტურ მესხურ კერძებსა და ღვინოს წამყვანი ადგილი უჭირავს. გიორგი არის საქართველოს გასტრონომიული ასოციაციის წევრი და მსოფლიოს უდიდეს გასტრონომიულ გამოფენებსა და კონკურსებში იღებს მონაწილეობას.
ნიკო ხაჭაპურიძე ოჯახთან ერთად მართავს საკუთარ ღვინის მარანს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში. ეს არის XIX საუკუნის ტრადიციული ქართული მარანი. მესხურ ბუხარს, ძველ ხის საწნახელსა და ქვევრს აქ საპატიო ადგილი უჭირავს. ღვინის მარანი საქართველოს ღვინის რუკაზე ჩანს და დიდი პოპულარობით სარგებლობს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
მამა-შვილმა ღვინის დამზადება 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული და ევროპული ღვინოები, როგორებიცაა: ჩინური, გორული მწვანე, რქაწითელი, პინო, რომელიც ქართული ტრადიციების მიხედვით არის დამზადებული. გარდა ღვინისა, ოჯახი ჭაჭასაც აწარმოებს და მესხური სამზარეულოს მასტერკლასებსაც სთავაზობს, სადაც სტუმრებს მესხურ ფურნეში პურის გამოცხობა ან მწვადის შეწვა შეუძლიათ.
ხაჭაპურიძეების ოჯახის მარანში გამოფენილია იარაღის, ჭურჭლისა და ადგილობრივი ისტორიული ექსპონატების დიდი კოლექცია, ხალიჩები, სასოფლო-სამეურნეო და მეღვინეობის იარაღები და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი.
ოჯახი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. ვიზიტის დროს შეგიძლიათ ქართული ხალხური სიმღერები მოისმინოთ, ადგილობრივი ღვინოები დააგემოვნოთ, უგემრიელესი კერძები მიირთვათ და რეგიონში მეღვინეობის შესახებ მეტი გაიგოთ.
Automated page speed optimizations for fast site performance