სამცხე-ჯავახეთის DMO-მ სომხურ-ქართულ ფესტივალ – “მიმინოში” მიიღო მონაწილეობა
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო სომხურ-ქართულ კულტურულ და კულინარიურ ფესტივალ – „მიმინოში“, რომელიც ქალაქ დილიჟანში გაიმართა 17 ივნისს. ფესტივალზე სომხურმა და ქართულმა მხარეებმა თავიანთი გასტრონომიული პოტენციალი წარმოადგინეს.
სომხეთში ვიზიტი მოიცავდა B2B შეხვედრებს სომხურ ტუროპერატორებთან, სადაც სამცხე-ჯავახეთის DMO-ს წარმომადგენლებმა სომხურ მხარეს რეგიონის პროდუქტები გააცნეს, მათ შორის სომხურ DMO-ებთან ერთად შექმნილი ერთობლივი მარშრუტები.
ვიზიტის ბოლო დღეს მასშტაბური ბიზნეს ფორუმი ჩატარდა ერევანში, რომელსაც სომხეთისა და საქართველოს საელჩოების წარმომადგენლები და ტურიზმის სფეროში ჩართული პირები ესწრებოდნენ.
ფესტივალი გაიმართა სომხური კულინარიული ტრადიციების განვითარებისა და შენარჩუნების არასამთავრობო ორგანიზაციის და სომხეთის ტურიზმის ფედერაციის მიერ. ფესტივალის მხარდამჭერია სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის კომიტეტი, სომხურ და ქართულ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით.