სამცხე-ჯავახეთის DMO-ს ორგანიზებით პროექტის „ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურება სამცხე-ჯავახეთის შერჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განვითარებისთვის“, ფარგლებში შემუშავებული მართვის გეგმების პრეზენტაცია გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე, აპარატის უფროსი, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერები, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და ამავე მუნიციპალიტეტების ტურიზმის სამსახურის წარმომადგნელები, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი, ახალციხის ციხის ადმინისტრაცია, მუნიციპალური ფონდის წარმომადგენელი და, ასევე კერძოს სექტორი, რომელიც რეგიონის ტურიზმის სფეროშია ჩართული.
გეგმების წარდგენის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია მერების, ვარძიის დირექტორისა და სამცხე-ჯავახეთის DMO-ს აღმასრულებელი დირექტორის მონაწილეობით. შეხვედრა პროექტის ფარგლებში დაქირავებული ექსპერტების მესამე მისიის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, რომელიც ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება იყო მართვის გეგმების საბოლოო სახეზე შეჯერებისა და სამომავლო ნაბიჯების განხილვის მიმართულებით.
პროექტი, რომელიც შერჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მართვის გეგმების შემუშავებას ემსახურება, ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს აღნიშნული ძეგლების პოპულარიზაციას, ტურისტული თვალსაზრისით მათი მართვის გეგმების შემუშავებას ვიზიტორთა მართვის ეფექტიანობის გაზრდის და ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად. შერჩეული ძეგლებია – ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი, ხერთვისის ციხე, ვანის ქვაბები, საფარის და ზარზმის მონასტრები.
პროექტის ფარგლებში მართვის გეგმაზე მუშაობენ ესპანელი ექსპერტები ანა ვირსედა და ალვარო ზარატიეგუი და ადგილობრივი ექსპერტი ნატა რობიტაშვილი. 22 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ექსპერტების ბოლო, მესამე მისიის ფარგლებში, შეხვედრები მოეწყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ მეუფე თეოდორეს და ზარზმის მონასტრის წინამძღოლთან.