პურის ფესტივალი 2023

2023 წლის 21 ოქტომბერს, ქალაქ ახალციხემ ტრადიციულად პურის ფესტივალს უმასპინძლა.
ფესტივალი უწყვეტად ტარდება 2021 წლიდან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO), და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით. წელს პირველად ფესტივალის სპონსორებს შორის არის რეგიონის კერძო სექტორის წარმომადგენელი – სასტუმრო ახალციხე ინი.
წელს ფესტივალი ოფიციალურად სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა გახსნა. სტუმრებს მიესალმნენ ფესტივალის ორგანიზატორები, სამცხე-ჯავახეთის DMO-ს აღმასრულებელი დირექტორი დავით მუმლაძე, ასოციაცია “ელკანას” დირექტორი მარიამ ჯორჯაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და სასტუმროების ქსელი “ინ ჰოსფითალითის” PR მენეჯერი სოფო ბერიაშვილი.
ფესტივალის სტუმრები გაეცნენ ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნეს ადგილზე გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის ხორბლის პური, ადგილობრივი პროდუქტები და სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული კერძები.
„პურის ფესტივალი“ ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც „ელკანას“ ინიციატივით 2010 წლიდან, უკვე მეხუთედ, იმართება ახალციხეში. სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია ფესტივალს 2021 წელს შეუერთდა. ფესტივალის მიზანია ხორბლის ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა და ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვა/გასაღების მოკლე, თანამშრომლობითი ჯაჭვების წარმოჩენა-წახალისება.
error: Content is protected