მარშრუტის სიგრძე: 29,67 კმ
მინ./მაქს. სიმაღლე: 893/1926 მ.
სიმაღლის მომატება/დაკლება: 1471/1402 მ.
მარშრუტის ტიპი: ცალმხრივი
მარშრუტის სირთულის კატეგორია: საშუალო
მარშრუტის აღწერა
მარშრუტი ქალაქ ბორჯომის განაპირას, სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდესთან იწყება. სამანქანო გრუნტის გზა გრძელი სერპანტინით შეუძღვება მოგზაურებს ტყეში. მთელი ეს მარშრუტი დაბურულ ტყიან მასივზე გადის, სადაც ასობით მწვანე ელფერის გრადაცია საოცარ ფერთა გამას ქმნის და დაუვიწყარ ვიზუალურ სანახაობას წარმოადგენს.
ამ მოგზაურობის მძაფრ შეგრძნებას ისიც აძლიერებს რომ შუა ტყეში გზები იკარგება. მცირე უღელტეხილის (ზღ.დ. 1700 მ) გადავლის შემდეგ, ნელ-ნელა კვლავ იკვეთება სატყეო გზების კონტურები და ეშვება ისტორიულ სოფელ თორამდე.
თორიდან ბილიკი მიემართება დასავლეთისკენ. გზად გაივლის საზაფხულო სოფელ დაბაძველს და მიადგება კახისის ტბას, რომელიც ზღვის დონიდან 1752 მ. სიმაღლეზე მდებარეობს და ჩაფლულია მუქი ფერის ნაძვნარში. ზაფხულში ტბის გარშემო გაკვალულ ბილიკებზე მრავლად შეგხვდებათ კენკრა, ჟოლო და მაყვალი. სურვილისამებრ შესაძლებელია ახლომდებარე წეროს და ჩიტოს ტბების მონახულებაც, რომლებიც მარშრუტის გეზის სამხრეთით არიან მოქცეული.
ბილიკი დაბაძველიდან სამანქანო გრუნტის სერპანტინიანი გზით ეშვება, რომელიც პირდაპირ სოფელ ჭობისხევამდე ჩაგიყვანთ, სადაც დასრულდება კიდეც მარშრუტი.
Automated page speed optimizations for fast site performance