უდე - ზაზალო - იაილები - ბეშუმი

ბილიკის შესახებ

მარშრუტის სიგრძე: 28,27 კმ

მინ./მაქს. სიმაღლე: 1190/2189 მ.

სიმაღლის მომატება/დაკლება: 1181/408 მ.

მარშრუტის ტიპი: ცალმხრივი

მარშრუტის სირთულის კატეგორია: საშუალო

მარშრუტის აღწერა
მარშრუტი ბოლომდე მიუყვება სამანქანო გრუნტის გზას და გადის სუბალპურ ზონაში, სადაც შესაძლებელია მჭიდროდ განლაგებული მწყემსთა დასახლებების მონახულება. ამ მიდამოებიდან სულ რაღაც ასიოდე მეტრში გადის თურქეთის საზღვარი. აღნიშნული მარშრუტის გავლა ასევე შესაძლებელია ცხენებით ან ველოსიპედით. მთელი მარშრუტის განმავლობაში ვიზიტორები მრავლად შეხვდებიან სხვადასხვა ტიპის გემრიელ წყაროებს.
მარშრუტი სოფელი უდის ცენტრიდან იწყება. სოფელი უდე და მისი შემოგარენი მდიდარი წარსულით გამოირჩევა, აქ უძველესი ყორღნების არსებობა და ადამიანის არსებობის კვალი ქვის ხანის პერიოდიდან დასტურდება. სოფელში ასევე შემორჩენილია უამრავი ქრისტიანული ძეგლი, მათ შორის უდის ღვთისმშობლის ეკლესია და დედათა მონასტერი.
მარშრუტი გეზს იღებს დასავლეთის მიმართულებით, ჩაუვლის რამდენიმე წყაროს და გადის სოფლიდან. მარშრუტზე რამდენიმე გზაგასაყარი შემოგხვდებათ, პირველ გზაგასაყარზე გზა მარცხენა მიმართულებით გრძელდება, ხოლო მეორე და მესამეზე – მარჯვენა მიმართულებით. გრუნტის გზა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მიდის, შემდეგ ისტორიულ სოფელ ზაზალოში შედის, გადაკვეთს სოფელს და მარცხნისაკენ იღებს გეზს. მარშრუტი ჩაუვლის მთაზე გაშენებულ ზაზალოს ციხის ნანგრევებს, ღელეში ჩაშენებულ ძველ კაშხალს და მიადგება მწყემსების ქოხებს. მარშრუტი მარჯვენა გზას აუყვება, რომელიც ჯერ ტყეში შედის, შემდეგ კი სუბალპურ სარტყელში აღმოჩნდება, სადაც გადაშლილია კახარეთის, უდის და არლის იაილები-საზაფხულო საძოვრები, სადაც საუკუნეების მანძილზე აჰყავთ ადგილობრივებს საქონელი და ატარებენ მთელ ზაფხულს. შესაძლებელია რომელიმე იაილაში მოახერხოთ ღამის გათევა, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს, რადგან საზაფხულო საძოვრების მწყემსთა სახლები ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურ მემკვიდრეობას წარმოადგენს. არლის იაილებიდან გზა ერთ მონაკვეთში მაღალი ძაბვის ანძების მავთულების ქვეშ გადის და რამდენიმე ღელის გადაკვეთის შემდეგ, მოექცევა კურორტ ბეშუმის თავზე. გზიდან მარჯვნივ, პატარა ბილიკები ილანდება, რომელთა საშუალებით შესაძლებელია გზის მოჭრა და ბეშუმში ჩასვლა. ბეშუმი ზღვის დონიდან 1850-2000 მეტრის სიმაღლეზე, ალპურ და წიწვოვან მცენარეებში ჩაფლული კურორტია. მთავარ გზას, ბეშუმის ცენტრში მივყავართ, სადაც სრულდება კიდეც მარშრუტი.


მდებარეობა

Powered by Wikiloc
error: Content is protected