ახალციხე — ქალაქი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, ისტორიული სამცხის ცენტრი.
ახალციხე მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ახალციხის ქვაბულში, მდინარე ფოცხოვისწყლის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე. თბილისიდან 214 კმ. ახალციხეში მთის სტეპების ჰავაა. იცის ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3,8 °C, აგვისტოსი 20,5 °C. აბსოლუტური მინიმუმი -32 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 39 °C.
ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე პირველი ქალაქის ტიპის დასახლება გაჩნდა მდინარე ფოცხოვისწყლის მარცხენა სანაპიროზე, სადაც 1953 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ენეოლითის ადრინდელი ბრინჯაოს ხნის ნასახლარი, ეს ადგილი ცნობილია „ამირანის–გორის“ სახელით, რომელზეც არის ლომისის სალოცავის ნაშთები.
ვიზიტორებისთვის ქალაქში ყველაფერია – სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, ბანკები და სხვა საჭირო დაწესებულება.
ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ახალციხის ციხე, რომელიც 2011-2012 წლებშია აღდგენილი და საოცარ სანახაობას წარმოადგენს აქ მოსული ვიზიტორისთვის.
ასპინძა — დაბა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტის და თემის ცენტრი, საერთო ფართობი 828 კმ3. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მდინარე ოთის შესართავთან, ზღვის დონიდან 1090 მეტრზე, საავტომობილო მაგსიტრალი ს 11-ზე, ქალაქ ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 34 კმ-ზე, თბილისიდან 248 კმ.
სახელი ,,ასპინძა“ სპარსულიდან შემოვიდა ქართულში, აღნიშნავდა დიდ გზაზე მდებარე სასტუმროს, დასასვენებელ სადგურს. ასპინძის, როგორც დასახლებული პუნქტის საწყისად მიჩნეულია 888 წელი, როდესაც მემატიანის ცნობით:
„იძლივნეს აფხაზნი, ნასრ და ბაყათარ ოვსნი და ერისთავი აფხაზთა. გაქცეულ ნასრას დაედევნენ და სამცხეში, ასპინძასთან 888 წელს მოჰკლეს“
XVI ს-ის ბოლოს დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ. ამ დროს “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” შედგენის დროს ასპინძა ყოფილა 50 კომლიანი სოფელი ბაღებითა და ვენახებით და 25 000 ახჩა შემოსავლით. “სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში” ასპინძა მოხსენიებულია: “ჴევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას…” ვახუშტის მიხედვით: “ასპინძის თავს და აგარის ბოლოს არს ციხე კლდესა შენი, მაგარი.
1625 წელს ასპინძასთან გაიმართა ბრძოლა, სადაც გიორგი სააკაძემ დაამარცხა ყიზილბაშები. 1770 წლის ,,ასპინძის ბრძოლაში’’ ერეკლე II-მ დაამარცხა ოსმალებისა და ლეკების გაერთიანებული ლაშქარი.
1829 წ. ანდრიაპოლის საზავო ხელშეკრულებით ასპინძა ისტორიულ სამცხე-საათაბაგოს სხვა ტერიტორიებთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ექვთიმე თაყაიშვილის აღწერის მიხედვით ასპინძა უკვე დიდი სოფელი და ახალციხიდან ახალქალაქამდე სიდიდით მეორე საფოსტო სადგური იყო. 1917 წლამდე ასპინძა, ტფილისის გუბერნიაში, ახალციხის მაზრაში შედიოდა ტოლოშის რაიონის სახელწოდებით. 1921 წლის ადმინისტრაციული დაყოფით ისევ ტოლოშის რაიონშია. 1933 წლის 27 ოქტომბერს ტოლოშის რაიონს ასპინძის რაიონი ეწოდა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეცხოველეობის, მეხილეობისა და მემინდვრეობის მეურნეობა, სამკერვალო და საკონდიტრო ფაბრიკები.
ასპინძის მუნიციპალიტეტში, მთაგორიანი რელიეფის გამო მოსახლეობა განლაგებულია ზღვის დონიდან 900-1700 მ. სიმაღლეზე, ამჟამად დ. ასპინძაში და მის სოფლებში ცხობრობს როგორც ადგილობრივი, 1944 წელს იმერეთიდან, მთიულეთიდან და აჭარიდან გადმოსახლებული მოსახლეობა.
ასპინძაში მთის სტეპის ჰავაა, იცის ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,2с, აგვისტოში 20,3с; საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,4с. აბსოლუტური მინიმუმი -29с, აბსოლუტური მაქსიმუმი 39с.
ასპინძა ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია, დაბაში არსებული თერმული წყლების გამო. სამკურნალო ფაქტორია მცირე მინერალიზაციის (0,9 გ/ლ) გოგირდ-წყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმ-კალციუმიანი თერმული (42с) წყალი (დებიტი 0,5 მლნ ლ/დღ-ღ). წყალს იყენებენ აბაზანებისთვის. სამედიცინო ჩვენება: საყრდენ-სამოძრაო ორგანოთა, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი (ქრონ. სტადიაში).
ადიგენი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დასავლეთ ნაწილში და წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ცენტრს.
ადიგენის მუნიციპალიტეტი იდეალური ადგილია ბუნების მოყვარულთათვის, თავისი ულამაზესი ხეობებით, მთებითა და ტყეებით, რაც ლაშქრობის და მცირე კავკასიონის მთების თვალწარმტაცი ხედებით ტკბობის საშუალებას იძლევა.
გარდა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებისა, ადიგენი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით. სტუმრებს შეუძლიათ მოინახულონ ისტორიული ეკლესიები და მონასტრები, რომლებიც ასახავს რეგიონის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა.
ადიგენთან ახლოს არის ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა ისტორიული ოქროს ციხე, თვალწარმტაცი საკურორტო ქალაქი აბასთუმანი, რომელიც ცნობილია თავისი ბუნებრივი სილამაზითა და სამკურნალო წყლებით და ცნობილი აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორია, რომელიც გთავაზობთ ღამის ცის განსაცვიფრებელ ხედებს. გარდა ამისა, ადიგენი მდებარეობს ახალციხე-ბათუმის გზადკეცილზე, რაც ზაფხულის თვეებში ამ გზით აჭარის მოხვედრის შესაძლებლობას იძლევა.
Automated page speed optimizations for fast site performance